დათაშკა (დავით) კავსაძე
დათაშკა (დავით) კავსაძე დათაშკას პაპა - გრიგოლი - ჩინებული მომღერალ-მგალობელი ყოფილა. მისმა შთამომავლებმა ღირსეულად გააგრძელეს წინაპართა სასიმღერო ტრადიციები. 14 წლიდან ლოტბარობდა დათაშკა ჭიათურის საშუალო სკოლის გუნდს. სკოლის დამთავრებისთანავე დაინიშნა შორაპნის რკინიგზის სკოლაში სიმღერის მასწავლებლად, მომდევნო წელს კი ქუთაისის ვაჭრობის მუშაკთა კლუბში, მომღერალთა გუნდის ლოტბარად. თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე ჩააბარა, მესამე კურსიდან კი სადირიჟორო ფაკულტეტზე გადავიდა. 1939 წელს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდები გაერთიანდნენ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად და ლოტბარებად კირილე პაჭკორია და დათაშკა კავსაძე დაინიშნენ. 1941 წელს 32 წლის დათაშკა ომში გაიწვიეს და ქერჩში უკრეს თავი...
დათაშკა კავსაძემ 45 წელი იცოცხლა, ტყვედ ჩავარდა და საფრანგეთში ქართველ ტყვეთა გუნდი შექმნა; სამშობლოში დაბრუნებისას დაიჭირეს და... 1952 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა.

დათაშკას ნამდვილი ბიოგრაფია პირველად 2007 წელს დაიწერა: ლოტბარის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა მონოგრაფიისა და აუდიო ალბომის - “კავსაძეების” - გამოცემა, რომლის პრეზენტაცია და საღამო-კონცერტი 2008 წლის 31 მარტს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა. საღამოს დათაშკას ვაჟი, მსახიობი კახი კავსაძე უძღვებოდა.