იური თავბერიძე
იური თავბერიძე პატარა იურის თვითონაც დაუმზადებია ყავრისაგან ჩონგური. ბავშვობაში 6 წელი სასკოლო გუნდში მღეროდა, 13 წლის უკვე სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდა. ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლემ, ომამდე ოზურგეთში ბრიგადა ჩამოაყალიბა, რომელმაც მრავალი კონცერტი გამართა გურიის სოფლებში. 1941 წელს ომში გაიწვიეს, სადაც სამჯერ დაიჭრა. 1943 წელს სოჭში ჰოსპიტლის 100-კაციან რუსულ გუნდს ხელმძღვანელობდა. დემობილიზებულმა იური თავბერიძემ თავისი საყვარელი საქმე განაგრძო. 1944 წელს სოფელ ნატანების კოლმეურნეობასთან ჩამოაყალიბა გუნდი, პარალელურად კი მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად ოზურგეთის პედაგოგიურ სასწავლებელში. 1948 წელს იური თავბერიძე შევიდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სწავლის პერიოდში ხელმძღვანელობდა სოფლების გუნდებს. 1957 წლიდან იური მუშაობდა ბათუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის პადაგოგად, ხელმძღვანელობდა ამავე სასწავლებლის გუნდს. 1958 წელს იური თავბერიძეს მიენიჭა აჭარის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება. მისი დამუშავებული სიმღერებია: “შენ დევგმირად დაგვიბრუნდი”, “სამაისო”, “ჩემო აჭარავ” და სხვა.