პლატონ დადვანი
პლატონ დადვანი სიმღერა ოჯახში ისწავლა, მაგრამ, როგორც მომღერალი, მესტიის ეთნოგრაფიულ გუნდში ჩამოყალიბდა. პლატონმა მრავალი სვანური სიმღერა და ცეკვა შეისწავლა. იგი რამდენიმე წელი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა და თავი გამოიჩინა ცერულის საუკეთესო შესრულებით. 1937 წელს მოსკოვში საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადა გაიმართა. მესტიის ეთნოგრაფიული გუნდის წამყვანი შემსრულებლები, - მათ შორის პლატონ დადვანი, - დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მიიწვიეს. ანსამბლმა მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სტალინის ყურადღებაც დაიმსახურა. 1938 წელს პლატონ დადვანი მესტიის სარაიონო ეთნოგრაფიული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელად მიიწვიეს; პარალელურად მესტიის სარაიონო კულტურის სახლსაც ხელმძღვანელობდა.

პლატონ დადვანს სვანური სიმღერისა და ცეკვის აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში დიდი როლი მიუძღვის. არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.