ივანე აბაშიძე
ივანე აბაშიძე 1914 წელს ივანე ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში შეიყვანეს, სადაც სიმღერა-გალობას სწავლობდა, 1918 წლიდან კი ზესტაფონის გიმნაზიის გუნდში მღეროდა. იმერული და მეგრული ხალხური სიმღერების ბავშვობიდანვე სისტემატიურად მოსმენა-შესრულებამ განაპირობა ივანეს მომავალი. 1923 წლიდან ივანე ჭიათურაში მუშაობდა და თან სანდრო კავსაძის გუნდში მღეროდა. ხუთ წელიწადში ისწავლა მრავალი სიმღერა და დაეუფლა საგუნდო-სალოტბარო ხელოვნებას. 20-იანი წლების ბოლოს პირველი დამოუკიდებელი გუნდი შექმნა.

 

მოგვიანებით ხარაგაულის სარაიონო და მარელისის ფაბრიკის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები გააერთიანა და რეპერტუარი მივიწყებული იმერული ხალხური სიმღერებით შეავსო. ეს სიმღერები დღემდე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელნაწერთა ფონდში ინახება.

 

წარმატებული მოღვაწეობისათვის 1951 წელს ივანე აბაშიძეს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს. ივანე აბაშიძეს აქვს ოცამდე საკუთარი და გუნდისთვის გადამუშავებული ოცდაათამდე ხალხური სიმღერა.