ლევან ვეშაპიძე
ლევან ვეშაპიძე დაიბადა 1973 წელს, საჩხერის რაიონის სოფელ კვერეთში. ცენტრალური სამუსიკო ათწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო - სასულე და მუსმცოდნეობის ფაკულტეტებზე. 1996 წელს კონსერვატორია ორივე განხრით დაამთავრა, თუმცა მოღვაწეობის ძირითად სფეროდ ხალხური მუსიკა აირჩია.

სიმღერა 16-17 წლისამ დაიწყო. 1993 წლიდან სხვადასხვა დროს მღეროდა ანსამბლებში: “სამედიცინო ინსტიტუტი” (შემდგომში - “ფესვები”), “გეორგიკა”, “გეიკო”, “იალონი”... როგორც შემსრულებელმა, თავისი თავი “ანჩისხატის ტაძრის გუნდსა” და “ძველ კილოებში” იპოვა.

ლევან ვეშაპიძის შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა გალობა - იგი თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მგალობელია და დიდი ღვაწლი მიუძღვის ძველი ქართული საეკლესიო გალობის აღდგენის საქმეში.

მანვე გაშიფრა, შეადგინა და გამოსცა გურული ხალხური სიმღერების სქელტანიანი კრებული თანდართული აუდიო დისკით.
ლევან ვეშაპიძე შესანიშნავად უკრავს ტრადიციულ ხალხურ ინსტრუმენტებზე - ჩონგურზე, ფანდურზე, ჭიბონასა და აფხაზურ აჭარპანზე.