მარო თარხნიშვილი
მარო თარხნიშვილი დაიბადა 1891 წლის 21 დეკემბერს სოფელ კავთისხევში. ოჯახში ყველა მღეროდა, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდნენ მარო და მასზე ცამეტი წლით უფროსი და ეკატერინე. მარო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა აქტიურობით. კავთისხევში სიმღერა არ დარჩა, მას რომ არ ესწავლა. “ჩვენი სოფლის გლეხობა მღეროდა მკის, ხვნის და კალოობის დროს, ნათლობაში, ქორწილში, მე მათ ვუსმენდი და ვსწავლობდი”, - იხსენებდა მოგვიანებით. ის კი არა, ახლომახლო სოფლებში მეტნაკლებად მომღერალი ოჯახი არ დარჩა, რომელთაგანაც მაროს სიმღერა არ “წამოეღოს”. მარო თავს უყრიდა სოფლელებს და იმპროვიზებულ გამოსვლებს აწყობდა, რასაც კავთისხეველები “მაროს ლხინს” ეძახდნენ.

14 წლის მარო ახალქალაქში გაათხოვეს. აქ მან შვიდ-რვა კაციანი ჯგუფი შეადგინა, შეასწავლა მათ საეკლესიო საგალობლები და ხალხური სიმღერები. 1910 წელს მარომ გორში ჩამოაყალიბა მომღერალთა ჯგუფი. მას შემდეგ გორში თარხნიშვილების მონაწილეობის გარეშე საღამო არ ტარდებოდა. თარხნიშვილების გუნდის რეპერტუარი ძირითადად ქართლური სიმღერებისგან შედგებოდა. ისინი ხშირად საქველმოქმედო კონცერტებსაც მართავდნენ. მარო თარხნიშვილის ნიჭის თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე და დიმიტრი არაყიშვილი. არაყიშვილის ინიციატივით 1921 წელს დაარსებულ თბილისის მეორე კონსერვატორიაში ქართული ხალხური სიმღერების პედაგოგად მარო თარხნიშვილი მიიწვიეს.

1956 წელს მარო თარხნიშვილს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.