შენი გენი - კულტურა თუ პოლიტიკა?
Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჯგუფი ”შენგენი” ესტუმრა. ჯგუფის წევრები არიან ვასილ კორნიენკო, დავით ნათაძე, მირიან ბაჩიაშვილი, დიმიტრი ლეკვეიშვილი და გიორგი კიპაროიძე. მათი არტ მენეჯერი კი ირაკლი ჩოლოყაშვილია.

 

- მადლობას გადავუხდი ირაკლი ჩოლოყაშვილს, რომელმაც ამ ბიჭებთან დაგვაკავშირა და დღეს ისინი ჩვენი სტუმრები სწორედ მისი წყალობით არიან. ირაკლი, დავიწყოთ იქიდან, რატომ ჰქვია ჯგუფს ”შენგენი” და რატომ გადაწყვიტე შენ მათი ხელმძღვანელობა...

 

ირაკლი ჩოლოყაშვილი: - დიდი მადლობა მოწვევისათვის. ყველაზე მეტად მე ვასილ კორნიენკოსთან ვმეგობრობდი, ერთად ვმღეროდით ”ლაშარში”. მან მომასმენინა ბიჭების შემოქმედება და ავღფრთოვანდი. თითქოს ნაცნობი იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან უცხო. მათმა ინსტრუმენტალისტობამ გამაოგნა, თითოეული მათგანი კლასიკურ ინსტრუმენტზე უკრავს, აქვთ ასევე ხალხური საკრავები. კლასიკური საკრავი გულისხმობს ფაგოტსა და ვალტორნას. ”შენგენი” კი დავარქვით იმიტომ, რომ არის ქართულიც და ევროპულიც, აქვს პოლიტიკური დატვირთვა და თან ჟღერს სიტყვა გენი და ვფიქრობ ძალიან აქტუალურია.

 

- გაგვეცანი ვასიკო, საიდან წარმოიშვა ჯგუფის შექმნის იდეა?

 

ვასილ კორნიენკო: - ძირითადად ყველა ხალხურ სიმღერებს ვასრულებთ, შემდეგ გაჩნდა იდეა სხვა ჟანრიც მოგვესინჯა. მანამდე ბიჭები ვმეგობრობდით. როდესაც შევიკრიბეთ მე და მირიანი, წავედით მეგობართან და სუფრასთან ”ახ ტურფავ ტურფავ” მოვსინჯეთ გიტარითა და ფანდურით, შემდეგ დაგვჭირდა მესამე ხმა და დაგვემატა დავით ნათაძე. მაშინ ფაგოტი საერთოდ არ მოიაზრებოდა. იყო სამ ხმიანი სიმღერა ფანდურისა და გიტარის თანხლებით. შემდეგ გაგვიჩნდა ამბიცია, რომ ჯგუფის სახე მიგვეცა. შემდეგ დაგვჭირდა დასარტყამი ინსტრუმენტი და გიორგი კიპაროიძე და შემდეგ ბასი და დიმიტრი ლეკვეიშვილი დაგვემატნენ. დაახლოებით ერთი წლის წინ შევიკრიბეთ. ინტენსიური მუშაობა კი 6 თვეა რაც დავიწყეთ. ჯგუფს სჭირდებოდა პროდიუსერი, ვინც საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებს მოგვიგვარებდა და სხვა ასე ვერავინ დაგვეხმარებოდა, როგორც ირაკლი ჩოლოყაშვილი.

- როგორია გამოხმაურება ”შენგენის” მიმართ, ხომ არ არის კრიტიკა?

 

- არ მგონია ვინმეს რაიმე პრეტენზია ჰქონდეს, თავისუფალი მუსიკოსები რასაც უნდათ იმას აკეთებენ. სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს, ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის ეს უკეთესია.

 

- რა პრინციპით ირჩევა ჯგუფის რეპერტუარი?

 

- ყველა ერთად ვარჩევთ, შეიძლება ერთ მათგანს მოუვიდეს ეს იდეა და ერთმანეთს უზიარებენ. ჩემი თხოვნა იყო რომ კლასიკური ინსტრუმენტები წინა პლანზე წამოეწიათ. ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს არის ჯაზი, თუმცა, ნებისმიერ ხალხურ სიმღერაში ჩვენი წევრები ცდილობენ ჯაზის ელემენტები ჩადონ. მაგრამ, ეთნო ჯაზი არ გამოხატავს იმ შესაძლებლობას, რაც აქვს ჯგუფ ”შენგენს”. გვინდა ჩვენს მუსიკას იუმორი დაჰკრავდეს და მსმენელი გაოცებული დავტოვოთ. რეპერტუარში უკვე ათი კომპოზიცია გვაქვს. ვცდილობთ ავიღოთ ერთი ქართული ხალხური სიმღერა და მივაბათ ევროპული, მოვძებნოთ ხიდი და გავხადოთ საინტერესო. არის ისეთი კომპოზიციები, სადაც მხოლოდ ერთი ნაწარმოებია, მაგრამ მთლიანად ჩვენი იმპროვიზიაციაა. გვაქვს ”ახ ტურფავ ტურფავ”, კახური, ”ჰარირა”, რომელსაც ”როკენ როლი” ებმვევა, ”ზამთარია”, ”სულიკოს” ძალიან საინტერესო ვარიანტი...

- ირაკლი, რამდენად კომერციული და პერსპექტიულია ეს მუსიკა საქართველოში?

 

- ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, თუკი გადავხედავთ სხვა მსგავს ჯგუფებს, შესაძლებელია კომერციული წარმატება.

 

- თუ ფიქრობთ საზღვარგარეთ გასვლაზე?

 

- კი ვფიქრობთ, თუმცა, ”არ დაიდარდო” არის პირველი, სადაც ჩვენ გამოვჩნდით და ამის შემდეგ საზოგადოება გაგვიცნობს.

 

- სად და როგორ ხედავ მომავალში ”შენგენს”?

 

- თუ საქართველო ”შენგენში” შევიდა, ერთ-ერთი მედროშეები ჩვენ ვიქნებით. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ წელიწადში ერთხელ ყველა ანსამბლი საზოგადოების წინაშე ანგარიშით უნდა წარსდგეს. ასევე იქნება კერძო მიწვევებიც. ჩვენ ვიქნებით მედიატორები ევროპასა და საქართველოს შორის, თუმცა საქართველო ევროპაა და ჩვენ თუ ერთ აგურს მაინც დავდებთ ამ საქმეში კარგი იქნება.

 

- ყავს თუ არა ჯგუფს სპონსსორი?

 

- არა, არ გვყავს და ვეძებთ. იმედია გამოჩნდება.

 

- კახურზე მოგვიყევ, რომლის პრემიერაც ახლა შედგება არ დაიდარდოს ეთერში...

 

ვასილი: - ”ახ ტურფავ ტურფავ” რომ გავამზადეთ, შემდეგ დავჯექი და დავიწყე ფიქრი კახურზე, ჩვენ კმაყოფილები ვართ, ძალიან ორგანულია და ახლოებლია ჩვენთვის. ნაწვალევი არ არის. იწყება ”კეკელა და მაროთი” და მთვარდება ”ჩაკრულოთი”.

 

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.




ჯგუფი "შენგენი" – კახური

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 

 

ჯგუფი "შენგენი" – აჭარული. Live

 

 

 

ჯგუფი "შენგენი" – ჰარირა. Live

 



ფოტოები