სკოლაში ყველა ბიჭს მე ვუყვარდი...

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” თიკა ჯამბურია ესტუმრა.


დავიწყოთ სულ თავიდან, რა ასაკიდან დაიწყე სიმღერა?


შემართებით და პოზიტიურად ვარ განწყობილი და მგონია რომ კარგი წელი უნდა იყოს, ყველას ვულოცავ შობა ახალ წელს. სიმღერა დავიწყე 4 წლიდან, ლადო გუდიაშვილის 100 წლისთავი მზადდებოდა ოპერის სცენაზე და ეძებდნენ პატარა გოგონას, რომელსაც სიმფონიურ ორკესტრთან უნდა ემღერა ”ავე მარია”. ბაღში მოვიდნენ და ამარჩიეს მე. ძალიან კარგად მახსოვს ეს ფაქტი, მე არ ვნერვიულობდი, თუმცა, ჩემი მშობლები ძალიან ღელავდნენ. მას შემდეგ სულ მინდოდა სცენაზე ვყოფილიყავი. ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ აღმოვაჩინეთ სიმღერის ნიჭი. ჩემი ორივე ბაბუა მღეროდა ხალხურ სიმღერას, უკრავდნენ. დედა და შუათანა და კარგად მღერიან. შემდეგ შემიყვანეს ანსმაბლ ”მზიურში”, ვიყავი მეექვსე თაობის წევრი ვიყავი, გურამ ჯაიანი იყო ჩვენი ხელმძღვანელი. შემდეგ რუსიკო ბახტაძესთან ვემზადებოდი. 9 წლის ასაკში ჩავწერეთ ”ჯეირანი” და დათო დოიაშვილმა კლიპი გადამიღო. ეს სიმღერა ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და ყველა მცნობდა, გავხდი ძალიან პოპულარული.


ძალიან ბევრი მღერის ამ სიმღერას, თუმცა ასოცირდება შენთან...


კი, ბევრმა იმღერა, თუმცა ”ჯეირანი” ნამდვილად ჩემთან ასოცირდება. ვფიქრობ, პატარა კარგი მუსიკალური მონაცემების მქონე ბავშვმა რომ შეასრულა რთული სიმღერა, უფრო დასამახსოვრებელი იყო... თან ძალიან კარგად გაკეთდა, კლიპი გამოვიდა ასევე ძალიან კარგი. ნატო დუმბაძე იყო ჩემი პროდიუსერი, დათო დოიაშვილმა გადაიღო კლიპი, როგორც გითხარით. ამან გამოიწვია ის, რომ ასე დადებითად მიიღო ”ჯეირანი” საზოგადოებამ. სკოლაში ყველა ბიჭს მე ვუყვარდი და ეს ძალიან სასიამოვნო იყო, ქუჩაში ყველა მეფერებოდა... ”ჯეირანის” შემდეგ იყო დუეტი დათო ხუჯაძესთან ერთად, რომელსაც ასევე ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. მაშინ შოუ ბიზნესი ძალიან მაგრად იყო. თითქმის ყოველდღე მქონდა კონცერტი, სახლში არ ჩერდებოდა ტელეფონი... ამის შემდეგ იყო ”იყო და არა იყო რა”, ჩემი და უცნობის დუეტი და ა.შ. ჩემი პროდიუსერები ცდილობდნენ, რომ ასაკისთვის შესაბამისი სიმღერები მემღერა და საზოგადოებაში ეს კარგად ”მუშაობდა”. მაქვს ორი ალბომი, ჩემთვის დაწერილი 17-მდე სიმღერა მაქვს. სჭარბობს ლილიკო ნემსაძის სიმღერები, პოპულარული გახდა ჩემი და ჯემალ სეფიაშვილის გავუსწროთ დროს.


შემდეგ იყო პაუზა...


ხშირად მიწევს ამაზე საუბარი, ტაქსის მძღოლიც კი ამას მეკითხება. მოხდა ისე, რომ შოუ ბიზნესი ჩაკვდა. არ იყო კონცერტი, არ არსებობდა მუსიკალური არხი. დაემთხვა ისიც, რომ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, ვიყავი ძალიან დატვირთული და ვერ ვასწრებდი სიმღერაზე ფიქრს. ვარ მუსიკისა და დრამის მსახიობი. სხვათაშორის ჩუმად ჩავაბარე უნივერსიტეტში. ამავე პერიოდში გავიმარჯვე ”იურმალას” შესარჩევ კონკურსში საქართველოში, თუმცა დაძაბული სიტუაციის გამო არ გამიშვეს და ვერ წავედი კონცერტზე, ამანაც იმოქმედა. მყავს ბენდი, ვმუშაობ ახალ სიმღერებზე...


პირადმა ცხოვრებამ როგორ იმოქმედა შენს კარიერაზე?


ჩემი ყოფილი მეუღლე არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ხელს შემიშლიდა. თეატრალურ უნივერსიტეტში ვიყავი დილის 09:00 საათიდან საღამოს 09:00 საათამდე, ძალიან დაღლილი მივდიოდი სახლში და მეორე დღეს ისევ იგივე მეორდებოდა...


რომელ მომღერალს გამოარჩევდი?


ჩემთვის ყველაზე კომფორტული იყო ნინი ქარსელაძესთან და მარიკა თხელიძესთან მუშაობა. ბავშვობის მეგობრები ვართ და ერთმანეთის პირველივე წამებიდან გვესმის.


დღეს თუ არის შენი მოსმენა შესაძლებელი?


არის რამდენიმე ადგილი, სადაც ვმღერით. თუმცა, ძირითადად კორპორატიულ და დახურულ საღამოებზე გვიწევს გამოსვლა.


როგორია შენი გეგმები 2017 წელს?


გადავწყვიტე განვაახლო ჩემი რეპერტუარი, შევქმენით ახალი ჯგუფი, სოლისტი მე ვარ, არის DJ და კლავიშისტი, გიორგი სიჭინავა და ირაკლი ბურჭულაძე, ვაკეთებთ სრულიად განსხვავებულ ჟანრს, უფრო ელექტრონული მუსიკისკენ ვიხრებით. გვინდა, რომ იყოს უმაღლესი ხარისხის და დიდი დრო მიაქვს თითოეული ტრეკის დამუშავებას. ვიღებთ ვიდეორგოლს ერთ-ერთ ტრეკზე და იმედი მაქვს საზოგადოებას მოეწონება. ვაპირებთ გამოვუშვათ ვინილი, ეს იყო ჩემი ოცნება. DJ-ები უკრავენ დღეს ამ ფორმატს და ამისთვის იქნება განკუთვნილი.


რას იტყვი ქართველ მსმენელზე?


ძალიან არ მომწონს ქართველ მსმენელებში დამკვიდრებული ტენდენცია, რომ არ უსმენენ ქართველ მომღერლებს. რამდენიმე დღის წინ მქონდა გამოკითხვა სწორედ ამ თემაზე და ყველა რესპოდენტი მპასუხობდა, რომ  ქართველ მომღერლებს არ უსმენენ. როგორ, ნიაზ დიასამიძე არ გიყვართ? ნინო ქათამაძე არ გიყვართ? მოდაშია რომ ქართული სიმღერა არ უყვართ…


ვინ არის შენი პირველი მსმენელი?


ბავშვობიდან პირველი ვისაც ვასმენინებ და ვისი აზრიც მაინტერესებს, ეს არის დედა. აქვს ძლიან კარგი მუსიკალური გემოვნება, სმენა და ძალიან მნიშვნელოვანია დედა რას მეტყვის.


როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრება?


ბევრი რამით ვარ დაკავებული, არასოდეს არ ვიწყენ, სულ სიახლე მინდა. ძალიან მალე, თებერვლის შუა რიცხვებში იქნება ჩემი, ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის საღამო - 90-იანების ჰიტების გახსენება. ჯერ არ ვიცით სად იქნება, თუმცა აუცილებლად გაგაგებინებთ. მაქვს რეპეტიციები...


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ...


ჩემი და ”თეატრალურის კვარტეტის” დუეტია. გავაკეთეთ რამდენიმე თვის წინ, თუმცა ახლა მოვიტანე. არის კარგი, გემოვნებიანი ქალაქური სიმღერა. სიმღერა ქეთი გაბისიანმა დაწერა. ძალიან მომწონს ”თეატრალურის კვარტეტი” და მინდოდა მათთან მემღერა. ქეთიმ კი ძალიან ლამაზი სიმღერა დაგვიწერა. ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე, ჩაიწერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში.


თიკა ჯამბურია & თეატრალურის კვარტეტი - ვეღარ დავმალე

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



თიკა ჯამბურია - თეთრი ვარდები. Live





ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge