”ღვინო რომ მოგერევა, მერე იწყება ღრეობა”
Ardaidardo.Ge

 

ქართული სუფრა დღევანდელ პოზიციაში ცოტა ღრეობად წოდებული დგას, თქვენი ყმაწვილჟამობის პერიოდის ქართულ სუფრას აკადემიური ეწოდებოდა, სწორედ იმ ასპექტში მინდა დავაბრუნოთ ეს ფენომენი და გადაცემა ”ღვინო დუდუკი ქალები” სწორედ ამას ემსახურება. თქვენ რას მეტყვით რა არის ის ძირითადი რითაც ქართული სუფრა შეიძლება კვლავ აკადემიური გახდეს?


ცოდნა იმისა, თუ როგორი იყო ნამდვილი ქართული, აკადემიური სუფრა. შესანიშნავები ადამიანები, თამადები, სუფრის წევრები, შესანიშნავი მოქეიფეები გვყავდა და გვყავს, ისეთი ადამიანები ვისაც ღვინო ვერ ერევა, არსებობს ასეთი გამოთქმა -”ღვინო რომ მოგერევა, მერე იწყება ღრეობა” . მე თავიდანვე გამიმართლა, ადრე სუფრის საოცარი ხელმძღვანელები იყვნენ, წამყვანები, ბაბუაჩემი იყო საოცრად ლამაზი თამადა რაჭაში ცნობილი, ასევე მამაჩემი, ბიძაჩემი შალვა ჯაფარიძე მომღერალი, მოცეკვავე და უსაზღვროდ განათლებული კაცი იყო.


სუფრა რომ იწყება დასალევიც უნდა ვარგოდეს, სასმელი ხელში და ყელში უნდა მოგყვებოდეს, თქვენ რომელ დასალევს ანიჭებთ უპირატესობას?


ღვინო რა თქმაუნდა, მე მინდა ჩემი უფროსი მეგობრის ზურა ქაფიანიძის სიტყვები გავიხსენო, ასე თქვა -21 წლისამ ღვინის სიყვარულით თავი დავანებე არაყსაც, ლუდსაც და სიგარეტსაცო.


ქართული სუფრა აკადემიურობას მაშინ იძენს, როდესაც მუსიკა სადღეგრძელოს თანმხლებია, ყოფილა შემთხვევა, როდესაც სადღეგრძელოსთან შეუსაბამო სიმღერა დაუწყიათ?


ასეთი ამბავი მომიხდა, პატრიარქის სადღეგრძელო იყო და რაღაც ოსური სიმღერა დაიწყეს, რა შუაში იყო...


ამ ეტაპზე ყოველდღიურ ხასიათს ატარებს თქვენი სუფრასთან ყოფნა?


არა რა თქმაუნდა, ახალგაზრდობაში უფრო მეტად გვიწევდა, ძალიან კარგი საძმო გვქონდა: ნუგზარ ხიდურელი, მიშა სეთურიძე, შალვა ბახტაძე, ვასო შიხაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, კოტე მჟავია, კახა გოგიძე. ერთხელ ვუთხარი ბიჭებს, თენგიზ არჩვაძე და ზურა ქაფიანიძე არიან რაღაც მიტოვებულივით მეთქი და სადმე დავპატიჟოთთქო, როგორ წამოვლენ ჩვენთან ერთადო, გაიკვირვეს. ცხონებულ ზურასთან ღამის სამ საათზე რომ დამერეკა წამოვიდოდა. ასე რომ, გვქონდა ხოლმე ბედნიერება ამ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავით. მე მაქვს ერთი უნიკალური ფირი სადაც ზურა ქაფიანიძე თამადობს, ადრე იყო ასეთი სატელევიზიო შეჯიბრი ”ალავერდი შენთან”, ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენც ვიყავით, მოწვეული სტუმარი იყო თენგიზ არჩვაძე, დიდებულიო სანახაობა იყო ნამდვილად. თამადობა არის სუფრის ფლობის და მართვის ნიჭი, შეზავებული-იუმორთან, სიმღერასთან ცეკვასთან, სხვის გაგებასთან და ურთიერთობასთან.


ქართული სუფრის მშვენებას, ქალბატონს რამდენად დიდი გავლენა აქვს სუფრაზე?


იყო დრო ამბობდნენ, ქალი რომ გაჩნდება სუფრასთან ქამრებს შემოვიჭერთ და ბეჭებში გავიშლებითო, მე ამ წესზე და ადათზე ვარ გაზრდილი. მახსოვს, მცხეთაში სალობიეში შევედით 4 ძმაკაცი, ვქეიფობთ და ვხედავთ გვერდით მაგიდაზე ერთი გამხდარი პატარა ბიჭი ზის და ორი ჯეირანივით გოგო უზის გვერდით. დავლიეთ, გავიშალეთ მხრებში და წამოვიდა სიმღერა ”ჩასძინებოდა გოგონას ტუჩები ჩემკენ ექნაო” და მეტაკა ნათლიაჩემი ცოდოა ის კაცი გაჩერდიო.


ბატონო გია, ბოლოს გვითხარით რა არის იმისათვის საჭირო რომ პატარა ნაპერწკალი მაინც დავაბრუნოთ აკადემიური ქართული სუფრის და ურთიერთობის?


თავმოყვარეობაა მთავარი, ვაჟა ფშაველას აქვს საოცარი გამონათქვამი-სამად სამი სიტყვის თქმა უნდა შეეძლოს კაცს, გიყვარდეთ ხალხნო ერთმანეთიო, ამ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიეცეს, შინ და კარში ეს სიტყვები უნდა ისმოდესო, ის პატარა ბუშტი ლეშისა რომელსაც თქვენ გულს ეძახით იქცეს მხოლოდ ერთ სიტყვად-გიყვარდეს! უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ღვინომ არუნდა დაგვძლიოს, ღვინოს იმისთვის სვამდა ქართველი კაცი, რომ სიკეთე გამოეჩინა და ცხოვრება გაელამაზებინა!

 

დიდი მადლობა მობრძანებისთვის !

 



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გია ჯაფარიძე. ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge