მხიარული არდადეგები - მესტია
მხიარული არდადეგები - მესტია

 

”მხიარული არდადეგები - ზამთრის სეზონი” ამჯერად მესტიას დაეთმო.

 

 

მესტია - თუ გიზიდავთ სამთო-სათხილამურო სპორტი, სათავგადასავლო ტურები, ცხენებით სეირნობა, მუზეუმების დათვალიერება და სვანური სამზარეულო, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ მესტიას.

 

მესტიაში სტუმრობა უფრო კომფორტული გახდა მას შემდეგ რაც აშენდა ახალი აეროპორტი და თბილისიდან მესტიაში ფრენები ხორციელდება რეგულარულად.

 

მესტიაში ჯერჯერობით 2 სასრიალო ტრასაა, ტრასები დაყოფილია სხვადასხვა სირთულის მიხედვით და გათვლილია როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მოთხილამურეებზე. რთული ტრასის სიგრძე არის 1900 მეტრი, ხოლო შედარებით საშუალო სირთულის ტრასა 2565 მეტრია.

 

მესტიის დასათვალირებელად თქვენ გიდის დაქირავებაც შეგიძლიათ. აქვე გელით სათავგადასავლო ტურები, მათ შორის სათხილამურო ტური და სკაი ტური- პარაპლანით.

 

 

მესტიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი:

 

- მოგესალმებით მესტიიდან. ჩვენთან სასრიალო სეზონი დეკემბერში გაიხსნა, თოვლის საფარი საკმაოდ დიდია, სამთო სათხილამურო კურორტზე საბაგირო შეფერხების გარეშე 10:00-დან 18:00 საათამდე ყოველ დღე მუშაობს. შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი ტრასით, ესენია წითელი და ლურჯი, გვაქვს ასევე სამოყვარულო ტრასა და ვინც ჯერ კიდევ არ იცის სრიალი, აქ სწავლა უფასოა. დღიური აბონიმენტი ღირს 20 ლარი, ერთჯერადი ასვლა კი ხუთი ლარი ღირს.

 

- რა ვითარებაა დღეისათვის, როგორია ტურისტული ნაკადი?

 

- ძირითადად უცხოეული ტურისტები გვყავს, თუმცა არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

 

- რა სიახლეებია გასულ წელთან შედარებით?

 

- უფრო გაადვილდა ტრანსპორტირება, კვირაში სამჯერ ნატახტარის აეროპორტიდან სრულდება რეისები. ბილეთის ღირებულება ორივე გზაზე არის 130 ლარი. ფრენა თბილისიდან ხორციელდება დღის 11:00 საათზე.

 

- სასტუმროები რა ფასებს სთავაზობენ მომხმარებელს?

 

- სასტუმრო სახლებში სამჯერადი კვებით ერთ ადამიანს დღეში 50 ლარად შეუძლია ცხოვრება, კვების გარეშე კი 20 ლარია ღირებულება.

 

 

 

 

”ნიამორი 2015” - მედიატურნირი უკვე 12 წელს ითვლის.

 

ტურნირის ორგანიზატორი თამარ ჯიშკარიანი:

 

- ”ნიამორი” წლების განმავლობაში ტარდება როგორია მედიასაშუალებებიდან ამ ტურნირის მიმართ ინტერესი?

 

- საკმაოდ დიდია ინტერესი, ჩვენ წინასწარ გათვლილი ბიუჯეტი გვაქვს და მოთხოვნა ძალიან დიდია, ერთი ეტაპი იყო გუდაურში 7 თებერვალს, მეორე ეტაპზე კი მესტიაში ავალთ. ეს 20-22 თებერვალს მოხდება და მას ”მედია ლამპრობა” დავარქვით. ეს არის ზამთრის გაცილების დღესასწაული. მთის მოსახლეობა ამ მოვლენას დიდ ყურადღებას აქცევდა და გვინდა, რომ იმიტირებული ლამპრობა გავაკეთოთ. შეჯიბრი ჩირაღდნებით, ღამით გაიმართება. მესტიაში კი მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კონცერტები და ისეთივე შეჯიბრებები, როგორები შუა საუკუნეებში იმართებოდა და ჩვენ, ჟურნალისტები ანთებული ჩირაღდნებით სრიალის შემდეგ შევუერთდებით მათ.

 

 

 

ცნობისთვის: ”ლამპრობა” უძველესი სვანური დღესასწაულია, რომელიც წმინდა გიორგის სახელს ეძღვნება. მისი მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. ლამპრობა თავისი შინაარსით ძველი მიწათმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია. ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვად ზამთარში კოცონს ანთებდნენ. ”ლამპრობა” გარდამავალი დღესასწაულია და მირქმის დღესასწაულის წინადღით, ანუ - აღდგომამდე 10 კვირით ადრე, ეკლესიური კალენდრით 1 თებერვალს იმართება.

 

აუდიო ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.



ფოტოები