მხიარული არდადეგები - სიღნაღი
მხიარული არდადეგები - სიღნაღი

”მხიარული არდადეგები - ზამთრის სეზონი” ამჯერად სიყვარულის ქალაქზე, სიღნაღზე გესაუბრებათ: სიღნაღის ტერიტორია მოიცავს გომბორის ქედის ფერდობებს და ალაზნის ვაკეს. რაიონს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ლაგოდეხის რაიონი და აზერბაიჯანი, სამხრეთით-დედოფლისწყაროს, დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით გურჯაანისა და საგარეჯოს, აღმოსავლეთით-დედოფლისწყაროს რაიონები. რაიონის ცენტრია ქ. სიღნაღი.

 

მდინარეთა ქსელს ქმნის იორი და ალაზანი. მდ. იორი ჰკვეთს ივრის ზეგანს სამხრეთ ნაწილში. მარცხნიდან უერთდება მდ. ოლე, მარჯვნიდან მშრალი ღელე ალანდარისხევი. მდ. ალაზანი რაიონს ჩრდილოეთით ჩამოუდის. მისი პერიოდული შენაკადებია: ოლე და დიდი ოლე. მნიშვნელოვანი ჰიდროლოგიური ობიექტია ალაზნის არხი.

 

სიღნაღის რაიონში სულ 2 ქალაქი და 19 სოფელია.

 

 

ისტორიული წარსული

 

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველსავე საუკუნეში ქიზიყი, იგივე კამბეჩოვანი იბერიის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. იგი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო. ”გარნა იყო ალაზნის შესართავამდე და ვიდრე სამგორამდე”- ამბობს ვახუშტი ბაგრატიონი.

 

მე-13 საუკუნის 20-30-იან წლებში მონღოლთა გამანადგურებული შემოსევების შედეგად მდიდარი მხარე გაპარტახდა, მოსახლეობა ამ ადგილებიდან აიყარა და თავი შეაფარა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მთაგორიან ადგილებს, ახლანდელი სიღნაღის ტერიტორიას.

 

ქალაქი სიღნაღი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ, ლამაზ გორაზე. ქალაქი გადაჭიმულია ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე. ქალაქი ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზეა. ქალაქის ტერიტორია 582 ჰექტარს მოიცავს. ქალაქი თბილისიდან 113 კმ-ითაა დაშორებული. მას მრავალი ხევებითა და ღელეებით კლდოვანი ხასიათი ეძლევა, რაც კარგ პირობებს ქმნიდა მოსახლეობისთვის მტრისგან თავის დასაცავად. თვით სიტყვა ”სიღნაღი” ნიშნავს თავშესაფარს, სანგარს.

 

ადრე არსებული პატარა დასახლებული პუნქტი, რომელსაც გარს ერტყა თავისი ციხე-გალავანი, 1770 წელს მეფე ერეკლე მე-2-ემ ქალაქთა სიაში შეიტანა. ამავე პერიოდში გაჩნდა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის 40 ჰა ფართობის მქონე ციხე-გალავანი, რომელსაც მთელი ქიზიყის მოსახლეობის დატევა შეეძლო. ციხე-გალავანს ჰქონდა 23 კოშკი, 8 კარი, იგი უწყვეტი იყო და ერთ-ერთი უდიდესი საქართველოს ისტორიულ ძეგლებში. დღეისათვის გალავანი თითქმის პირვანდელი სახით არის აღდგენილი და აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ავიდნენ ორიარუსიან კედლებზე და სათოფურებიდან გადახედონ დიდებულ ალაზნის ველს.

 

სიღნაღი განსაკუთრებული ქალაქია თავისი მდებარეობით, არქიტექტურით. აქ ყველაფერი არაჩვეულებრივია: ციხე-გალავანი, ძველი ეკლესიის ზარები, ლამაზი სახლები უაღრესად ეროვნული, ამოჩუქურთმებული აივნები, ქართული აგურით ნაშენი სართულები, მარნები და სარდაფები. ყოველ მათგანს თავისი ისტორია, თავისი საიდუმლო და განსაკუთრებულობა გააჩნია.

 

მე-19 საუკუნისათვის სიღნაღის მაზრა ცნობილი იყო განვითარებული ეკონომიკით. იგი წარმოადგენდა ხელოსნობის, ვაჭრობის და კულტურის უმსხვილეს ცენტრს აღმოსავლეთ საქართველოში. ქალაქში ამქრული ხელოსნობის 20 სხვადასხვა დარგს მისდევდნენ. ქალაქის მთავარ მოედანზე განლაგებული იყო 131 დუქანი და სავაჭრო ფარდული.

 

სიღნაღში 1872 წლის 19 აგვისტოს გაიმართა პირველი ოფიციალური თეატრალური წარმოდგენა. სიღნაღის თეატრის სცენაზე გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც იყვნენ სანდრო ახმეტელი, ლადო მესხიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვასო აბაშიძე და სხვ.

 

სიღნაღი იყო რიგით მეხუთე ქალაქი, სადაც ქართულ ენაზე გამოვიდა პირველი ნაბეჭდი გაზეთი "ხმა კახეთისა" 1912 წელს. გაზეთი მხარის საჭირბოროტო საკითხებზე სწერდა.

 

ინფრასტრუქტურა და მომსახურება

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმებიდან მნიშვნელოვანია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ვანო სარაჯიშვილის, სანდრო მირიანაშვილის, ახმეტელის მუზეუმები. ეს ობიექტები თანამედროვე მოთხოვნის დონეზეა აყვანილი.

 

 

 

 

სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ნანა კორაშვილი:

 

- როგორი ტურისტული განწყობაა სიყვარულის ქალაქში?

 

- თქვენ აქ ძალიან ბევრ შეყვარებულს წყვილს დაინახავთ, არის ბევრი ტურისტი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი.

 

- რა სიახლეა გასულ წელთან შედარებით?

 

- მინდა სიხარულით გაცნობოთ - გაიხსნა ახალი ტურისტული ბილიკი. არის ცხენით ჯირითი - ტურისტული აქტივობა, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ხდება ტაქსის მძღოლების გადამზადება იმისთვის, რომ გაადვილდეს ტურისტებთან ურთიერთობა.

 

- რომელი სეზონია სიღნაღში აქტიური?

 

- სექტმებრიდან იწყება აქტოვობა, რადგან კახეთში ღვინის ტურებია პოპულარული. თუმცა, მაისისდან იწყება ტურისტული ნაკადის მატება. გვაქვს ერთი და ორ დღიანი ტურები, მოგეხსენებათ კახეთი დიდი რეგიონია, ამიტომ სამი დღე მაინც არის საჭირო რომ ადამიანმა ყველაფერის ნახვა მოასწროს. სასტუმრო სახლები ტურისტებს მასტერ კლასებს სთავაზობენ, მაგალითად პურის ან ხაჭაპურის ცხობაში.

 

 

სოლომონ 1805-ის დირექტორი ბატონი ზურა მატიაშვილი:

 

- როგორი განწყობაა სიღნაღში?

 

- მადლობთ რომ დაგვიკავშირდით, იდეალური განწყობაა, რაც კარგმა ამინდმა განაპირობა.

- რა აქტივობებისთვის სტუმრობენ სიღნაღს უცხოელები?

 

- არა მარტო უცხოეთიდან, არამედ საქართველოდანაც ძალიან აქტიურად გვსტუმრობენ. უცხოელებს ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ რომ ჩვენთან მოვიდნენ. ეს არის ქალაქი მუზეუმი. არაჩვეულებრივი ხედებია, არაჩვეულებრივი პირობები...

 

- თქვენი სასტუმროს შესახებ მოგვიყევით...

 

- ჩვენი სასტუმრო უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს. სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა სერვისები გვაქვს, ზამთარში იგეგმება ორგანიზაციებისთვის კორპორატიული ღონისძიებები. გაზაფხულზე ლამაზდება გარემო და ეს ყველამ უნდა ნახოს. რაც შეეხება ფასებს, ზაფხულში 145 ლარია ნომრის ღირებულება, იგულისხმება ორი ადამიანისთვის საუზმეც. ზამთარში კი 90-115 ლარამდეა.

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

ფოტოები