6 ოქტომბერს რუსუდან მუმლაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
Ardaidardo.Ge

 


გადაცემას „რადიო დუეტი“ რუსუდან მუმლაძე ესტუმრა.


 


თქვენ პირველად ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი, მოგვიყევით თქვენს შესახებ?



მთელი ცხოვრებაა მუსიკა ტრიალებს ჩემს ირგვლივ. კომპოზიტორ ეთერ ჭელიძესთან ურთიერთობით, 3 წლის ასაკში დავიწყე სიმღერა. ის საბავშვო სიმღერის შესასრულებლად ბავშვს ეძებდა, შურა ჯანელიძესთან მოვიდა „პიონერთა სასახლეში“ და რატომღაც მე დამადგა თვალი. მივიღე მის საღამოში მონაწილეობა და „ოქროს საქანელა“ ვიმღერე. ამის შემდეგ, თუ ეთერ ჭელიძე წერდა საბავშვო სიმღერას, წერდა ჩემთვის. რვა წლიდან მე თავად დავიწყე სიმღერების წერა და გადაწყდა, რომ მუსიკას უნდა გავყოლოდი. 5 წლიდან 12 წლამდე მქონდა ურთიერთობა პატრიარქთან, ვგალობდი სიონის ტაძარში, ამბიონზე.


დღეს ჩვენს ეთერში თქვენი რამდენიმე სიმღერა გაჟღერდება, მათ შორის არის „ნუგეში“...


სიმღერა შეზღუდული შესაძლებლობების პირებს მივუძვენი, ტექსტის ავტორია მიმოზა ცანავა. ორი წლის წინ უსინათლო გოგონების ანსამბლ „ედელვეისთან“ ერთად ვიმღერე, მაშინ ვთქვი, რომ თუ კონცერტს გავაკეთებდი, აუცილებლად საქველმოქმედო იქნებოდა, სლოგანი კი გახდებოდა ფრაზა სიმღერიდან „ნუგეში“ – „ერთმანეთის გულები სიყვარულით ავავსოთ“. ტარიელ სუართან ერთგვარი ექსპერიმენტი გავაკეთე, ის უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია და ამასთან ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია.


თქვენს საღამოზე მოგვიყევით...


6 ოქტომბერს, ილიას ბაღში მდებარე დარბაზში, „გარდენ ჰოლში“, 20:00 საათზე გაიმართება ჩემი შემოქმედებითი საღამო. ყველა ნომერი ჩემი მონაწილეობით არის, შევარჩიე ის მომღერლები, ვისთანაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი, მათ შორის იქნებიან გიორგი წიკლაური, რომა რცხილაძე, ირინა მირიანაშვილი და ნათია გიგუაშვილი. საღამო ჯონი ჯანაშიას მიყავს, სულ 17 სიმღერა გაჟღერდება. ჩემი სიმღერების არანჟირებების ავტორია ზურა ლალიაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია, საღამოზე მხოლოდ ქართული სიმღერები შესრულდება. მათ შორის იქნება ვაჟა აზარაშვილის სიმღერების პოპური. ბილეთები სიმბოლურ თანხად, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და TKT.GE-ზე იყიდება. თანხას უსინათლო გოგონათა კვარტეტს მოვახმართ.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


შემოქმედებითად აქტიური ბავშვობიდან გამომდინარე, ჩემი პროფესია მუსიკა გახდა. იყო პატარა პაუზაც ჩემს ცხოვრებაში, ახლა კი გადავწყვიტე გავაქტიურდე და მსმენელთან ურთიერთობა აღარ გავწყვიტო.



რუსიკო მუმლაძე - ჩიორა ჩიტო


You must have Flash Player installed in order to see this player.


 

გადაცემის აუდიოჩანაწერი


You must have Flash Player installed in order to see this player.




რუსიკო მუმლაძე. ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge