„ყველა ტელეფონის ზარს ვიღებ, ყველა წერილს ვპასუხობ, ვცდილობ ყოველთვის ყველა პროცესის მონაწილე ვიყო“
Ardaidardo.Ge


გადაცემას „რადიო დუეტი“ ნინო ქათამაძე გოჩა ყაჭეიშვილთან ერთად ესტუმრა.

17 ნოემბერს თქვენი კონცერტია დაგეგმილი, მოგვიყევით მის შესახებ...

 

დიახ, „სფეის ჰოლშია“ ჩვენი საღამო დაგეგმილი, ეს იქნება კლუბური ფორმატი, რაც ჩვენ გვიყვარს და ეს არის ჩვენი საწყისი ენერგია. იქნება მუსიკალური სიურპრიზები, ბევრი ახალი ემოცია. კლუბი ეს ის სივრცეა, სადაც შეგიძლია თავს მისცე მეტი სითამამის უფლება. ამერიკელი დრამერი გვეყოლება, თუ არაფერი შეიცვალა. ბილეთები უკვე იყიდება. არასოდეს არ ვიცით რა განვითარებას შეიძენს კომპოზიცია, სცენაზე ყველა თავისუფალია და ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. დიდი მადლობა მინდა ჩვენს მსმენელს ვუთხრა, მათ გარეშე ჩვენი არცერთი გეგმა არ არსებობს. კონცერტი გვიან დაიწყება, 21:00 საათითვის. გვეყოლება DJ ჟორჟიკა, რომელიც ჩვენი კონცერტის შემდეგ დაუკრავს.

 

თქვენი ალბომები 6 ფერისგან შედგება, ახლა ყვითელი ალბომი გაქვთ, რატომ ასეთი გადაწყვეტილება?

 

გოჩა: - ხშირი შეკითხვაა. ნინოს იდეაა, რომ ასე ყოფილიყო, ამაზე ბევრი არ გვიფიქრია, უცებ თქვა, რომ ასე გავაკეთოთ, ჰქონდეს ყველა ალბომს თავისი ფერი.

 

ნინო: - ყველაფერი მსმენელისგან მოდის. თავიდან იყო შავი და თეთრი ალბომები, მაშინ გამოჩნდა, რომ მსმენელისთვის იოლად მისაღები იყო ფერები და უფრო ადვილად აღსაქმელი.

 

ბევრი შეტყობინება მოვიდა, როდესაც დავაანონსეთ, რომ თქვენ იქნებოდით ჩვენი სტუმარი, განსაკუთრებით ბათუმიდან...

 

12 ნოემბერს გვაქვს კონცერტი, ბათუმის გუნდთან ერთად, მათი ძირითადი ნაწილი ჩემთან ერთად სწავლობდა მუსიკალურში, იქნება ნიკოლოზ რაჭველი. გვინდა ბათუმელებს განსხვავებული რეპერტუარი შევთავაზოთ. რამდენიმე დღით ადრე წავალ, რომ ყველას ჩავეხუტო და ჩემი საყვარელი ქუჩები ვნახო.

 

შენს შემოქმედებაში ძალიან მიყვარს სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“, არცერთი ეთერი ისე არ გაივლის, რომ ეს სიმღერა არ გავაჟღერო, როგორი ისტორია აქვს ამ სიმღერას?

 

დაწერა ვაჟა ტუღუშმა, 25 წლის არის ალბათ, მაშინ ვმღეროდით, როდესაც მე და ვაჟა მუსიკალურში ვსწავლობდით. ყველამ იცის ეს სიმღერა, მღერიან სხვადასხვა ქვეყანაში, ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე. „სულიკოს“, „ოლეისა“ და „ქუჩაში ერთხელს“, ყოველთვის ვმღერი ყველა კონცერტზე, დარბაზთან ერთად კარგად იმღერება, გაძლევს ექსპერიმენტის საშუალებას. არის ხოლმე მომენტები, როდესაც მე აღარ მინდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.

 

როგორ ახერხებ შენს ფანებთან ურთიერთობას?

 

ყველა ტელეფონის ზარს ვიღებ, ყველა წერილს ვპასუხობ, ვცდილობ, ყოველთვის ყველა პროცესის მონაწილე ვიყო, ვიცოდე რა უხარიათ და რა უჭირთ ჩემს მსმენელებს. ძალიან ახლოს ვარ ჩემს მსმენელთან. დარბაზში რომ ჩავდივარ, ისეთი ტკბილია მსმენელი, ისეთი ნაღდი, დავიწყებდი და დავასრულებდი კონცერტს დარბაზში, უბრალოდ ბიჭები იწყენენ ხოლმე.

 

ხომ არ გეგმავ საბავშვო სტუდიის გახსნას?

 

რაღაც მომენტში ალბათ ბუნებრივი გაგრძელება იქნება. თუმცა, ახლა როდესაც გასტროლებით ვარ დაკავებული, ეს საქმე ძალიან რთულია. როდესაც ბავშვებთან ურთიერთობის პასუხისმგებლობას იღებ, ასე არ შეიძლება. როდესაც პაუზას ავიღებ, აუცილებლად ჩავერთვები საინტერესო საგანმანათლებლო პროცესში. მინდა სახელმწიფო პროცესებში ჩავერთო და საკანონმდებლო დონეზე ვაპირებ რაღაცეებს. არა აგრესიით და კაპრიზებით, არამედ საქმიანად.

 

ძალიან ვისიამოვნე თქვენი სტუმრობით და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან მიყვარხართ და გისურვებთ წარმატებებს.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



 

ნინო ქათამაძე & გოჩა ყაჭეიშვილი - ქუჩაში ერთხელ. Live




ნინო ქათამაძე & გოჩა ყაჭეიშვილი - ბაიათი. Live




ნინო ქათამაძე & გოჩა ყაჭეიშვილი. "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი






Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge