რუსა მორჩილაძე: „90-იან წლებში შოუ-ბიზნესის 90% ჩემი სიმღერებით იყო გაჯერებული“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ კომპოზიტორი, მომღერალი და პროდიუსერი რუსა მორჩილაძე ესტუმრა. 25 მარტს კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე მეგობრებთან ერთად კლუბ „ოტიუმში“ საღამოს გამართავს. ის ამჟამად ახალ პროექტზეც მუშაობს. სამომავლო გეგმებსა და შემოქმედებით ცხოვრებაზე ავტორ-შემსრულებელმა „არ დაიდარდოს“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

რუსა, თქვენ ჩემი გადაცემის სტუმარი პირველად ხართ…

 

დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიყვარს თქვენთან სტუმრობა. თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით იმ ყველაფერში, რასაც ჩვენ ვემსახურებით.

 

მანამ, სანამ თქვენს ახალ პროექტებზე ვისაუბრებთ, გავიხსენოთ, რომელმა სიმღერამ მოგიტანათ წარმატება?

 

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მართლა არ მახსოვს. ინერციით ვცხოვრობ. სამი წლიდან სცენაზე ვდგავარ და მუდმივად პოპულარული ვიყავი. 15 წლიდან დავიწყე წერა, მოთხოვნილება გამიჩნდა. 90-იან წლებში შოუ-ბიზნესის 90% ჩემი სიმღერებით იყო გაჯერებული. ახლა იმ ასაკში ვარ, რომ შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო. შოუ-ბიზნესი არის, თუმცა, ცოტა მისახედია. ქვეყანაში ერთი სფერო არ ვითარდება არასოდეს, ბევრი ფული უნდა ტრიალებდეს, ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული, მაცივარში კარაქი და ალბომის ჩაწერა ერთმანეთთან არის კავშირში.

 

წლების განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი იყავით, რას იტყვით ახალ თაობაზე?

 

ნიჭი უხვად არის საქართველოში. მაღალი ხარისხი იშვიათია, მაგრამ ნიჭი არ გვაკლია. ბევრი პატარა გოგოსა და ბიჭის აღმოჩენა შეიძლება. ფავორიტი არ მყავს. ჩვენთან ძალიან დიდი პრობლემაა ინდივიდუალიზმი. „იუთუბის“ თაობაა თითქოს, მხოლოდ ქავერების შესრულება, ამა თუ იმ მომღერლების მელიზმების გადაკოპირება სწორი არ არის. მე მინდა, რომ ყველა მომღერალსა და კომპოზიტორს თავისი ხელწერა ჰქონდეს, როგორც მე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ამბობენ, რომ ყველა სიმღერა ლელა წურწუმიასთვის გემეტებათ, მართლა ასეა?

 

32 წელია ჩვენ ვმეგობრობთ და რა თქმა უნდა მემეტება. ალბათ ემოციებზე და იმპულსებზეა ეს დამოკიდებული. ჩემთვის ერთგულების განცდას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება შეკითხვას, მიყვარს თუ არა შვილივით რომელიმე სიმღერა, გეტყვით, რომ შვილივით არავინ და არაფერი არ მიყვარს დედამიწაზე. სულ 3 000-მდე სიმღერა მაქვს.

 

25 მარტს თქვენი შემოქმედებითი საღამო გაიმართება…

 

იქნება რამდენიმე ახალი და ძველი სიმღერის მიქსი. ეს იქნება იმ მსმენელთან შეხვედრა, ვინც კლუბ „ოტიუმში“ ხშირად დადის. იქნება ბევრი მომღერალი, ვინც ჩემს სიმღერებს ასრულებს.

 

ასევე ემზადებით ლელა წურწუმიას სოლო კონცერტისთვის…

 

დიახ, მაგრამ ლელამ გამაფრთხილა, რომ ამ თემაზე არ ვისაუბრო. ლელას კონცერტი 20 მაისს არის დაგეგმილი.

 

ვისაუბროთ ახალ პროექტზეც…

 

სულ მეუბნებიან ჩემი მეგობრები, რომ მე უნდა ვიმღერო ჩემი სიმღერა. საერთოდ, ავტორი ასრულებს სიმღერას ზუსტად ისე, როგორც ჩაიფიქრა. მე ვარ ავტორი, რომელიც ჯერ მომღერალი ვიყავი. მაქვს დუეტები, რომლებიც სულ დაძალებით ჩავწერე. ეხლა ზუსტად ვიცი, რომ რასაც დავწერ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის მინდა. ყოველდღე ახალ სიმღერას ვწერ, ახალი სუნთქვა მაქვს გახსნილი. დავწერ სხვებისთვისაც, თუმცა გააჩნია მოლაპარაკებას. საბოლოო ჯამში, იქნება საანგარიშო კონცერტიც. არასოდეს მქონია ფილარმონიაში კონცერტი და ვფიქრობ, ამის დროც დადგება. მექნება რამდენიმე მომღერალთან კოლაბორაცია, ვისთანაც სულიერი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. სხვა დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.





რუსა მორჩილაძე - დრო მოვიდა


You must have Flash Player installed in order to see this player.



რუსა მორჩილაძე - აიარა


You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი


You must have Flash Player installed in order to see this player.





რუსა მორჩილაძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge