მარინა ბერიძე: „ბავშვს არ უნდა ეწყინოს, არ უნდა დაიბნეს, ამას ნამდვილად დიდი სტაჟი და პრაქტიკა სჭირდება“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ პროექტის „მხოლოდ ქართული“ ჟიურის წევრი მარინა ბერიძე ესტუმრა. ქალბატონმა მარინამ კონკურსანტებზე, ფავორიტებსა და თავად პროექტზე ისაუბრა. ასევე, ცნობილმა ქალბატონმა რადიო ჰოლდინგ ფორტუნას მიერ დაარსებული მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონია, „ოქროს ტალღაც“ შეაფასა.

 

მიხარია, რომ ჩემი სტუმარი ხართ, თქვენს მიმართ საზოგადების ნაწილს შიში აქვს…

 

პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყოველთვის ღია ვარ ყველანაირი საუბრისთვის, მიყვარს თქვენი ჰოლდინგი და ვარ თქვენი მეგობარი. მეც ვერ ვარკვევ რატოა ასე. მე არ მიყვარს ჭორაობა, მე მიყვარს პირდაპირ იმის თქმა, რასაც ვფიქრობ. სანამ სულ დავდუმდები, როგორიც ვარ ისეთი ვარ.

 

პროექტში რამდენად მკაცრი ხართ?

 

არ გამოვირჩევი სიმკაცრით, მაგრამ ვამბობ იმას, რაც სათქმელია. დიდმა მუსიკოსებმა მასწავლეს, რომ ჟიური არის ყველაზე მაღალი რამ და ის იმისთვის არის, რომ მოგეხმაროს გაზრდაში, განვითარებაში და გემოვნების ჩამოყალიბებაში. რჩევის მიცემისას გააჩნია ტონალობას. ბავშვს არ უნდა ეწყინოს, არ უნდა დაიბნეს, ამას ნამდვილად დიდი სტაჟი და პრაქტიკა სჭირდება. ზღვარზე უნდა გაიარო. შეიძლება ბავშვი დააკომპლექსო, აგიკანკალდეს… ეს არის პროექტი, სადაც მაყურებელმა ტურიდან ტურში ევოლუცია უნდა დაინახოს. შეიძლება ტური იყოს რთული და არ იყოს ყველასთვის მოსაწონი, მაგრამ, ბავშვები სირთულეში იზრდებიან და არა მარტივ ჰარმონიაში.

 

თქვენ ვინ მიგიწვიათ პროექტში?

 

პროექტი დაიბადა რუსთავი 2-ში, მე კი ამ ტელევიზიის თანამშრომელი ვარ. რომ არა ნიკა გვარამიას თხოვნა, აღარ მინდოდა ჟიურიში ჯდომა. დიდი საქმე კეთდება და ყველანაირად ვეცდები, რომ იყოს სრულყოფილი. პროექტს ექნება გაგრძელება. ახალგაზრდები უნდა მოიწამლონ ქართული სიმღერით, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჟანრში და სად იმღერებენ. ახალგაზრდები კლუბური ცხოვრებით ცხოვრობენ და თუნდაც ელექტრონულ მუსიკაში თავისუფლად მივიღებდი ქართულ სიმღერას. დრო ძალიან კარგი რამეა და გვაჩვენებს, რა დარჩება. რასაკვირველია, დარჩებიან ისინი, ვისაც ინდივიდუალურობა აქვთ. რამდენიც არ უნდა იმღერო ქათამაძისნაირად, ის მაინც ერთია. გოგი დოლიძე გოგია, ბუბა ბუბაა, ამას უნდა გავექცეთ და კოპირება არ უნდა გავაკეთოთ.

 

ახალი სიმღერები აღარ იქმნება და როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია?

 

მე ძალიან მინდა, მომავალ სეზონზე იყოს ახალი სიმღერების ტური. ეს კომპოზიტორებისთვის დიდი მოტივაცია იქნება, რომ ახალი სიმღერები დაწერონ. ახალი თაობა უნდა ავიდეს სცენაზე. თითო პროექტიდან ერთი, ან ორი მონაწილე თუ ავიდა სცენაზე და დამკვიდრდა, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა.

 

პროექტებიდან ძალიან ცოტა შემორჩა სცენას…

 

გააჩნია მუსიკოსს. ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ბევრი ავიდა სცენაზე და დაიმკვიდრა ადგილი. ზოგს ჰყოფნის იმის ტვინი, რომ ეძიოს და მალევე გააკეთოს. მე სულ მინდა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ პრიზი იყოს ან დისკის ჩაწერა, ან სასწავლებლად წასვლა. თუმცა, ამაზე ბიზნესმენები ძნელად მოდიან. მთელი ცხოვრება უნდა კითხულობდე, ეძიებდე. მსოფლიოში რა ხდება, უნდა იცოდე.

 

ქასთინგებზე მოგვიყევით…

 

რვაასამდე ადამიანი მოვისმინეთ საქართველოს ხუთ ქალაქში. ძალიან რთული იყო, რადგანაც ასაკი შეუზღუდავი იყო. 40-45 წლის ადამიანს ვერ შეუცვლი ვერაფერს, ის გამოვა და ჩვეულებრივად იმღერებს. აქ არ იქნება პროგრესი, ეს არ იქნება საინტერესო, გამოდის, რომ მხოლოდ ვერთობით. უნდა ვიკამათოთ, მთავარია ფინალში რა მოხდება, მთავარია ვინ ავა სცენაზე.

 

გყავთ ფავორიტი?

 

რამდენიმე ფავორიტი მყავს, რა თქმა უნდა არ გეტყვით. ძალიან კარგმა გოგონამ დატოვა წინა ტურში პროექტი, ის მზარდი იყო. რაც შემეძლება აუცილებლად მივეხმარები.

 

ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ პროდიუსერობას?

 

ეს უკვე დიდი ხანია გავიარე. აწი კონსულტანტად თუ გამოვდგები. საქართველოში არ გვაქვს პროდიუსერის კულტურა. პროდიუსერი არის ადამიანი, რომელიც მთლიანად მართავს მომღერალს, მთელს მსოფლიოში ასეა. დღეს, კონკურსანტები არიან წიწინები, ეს მოსწონთ, ის არ მოსწონთ… შენ პროდიუსერი გყიდულობს, მის ხელში ხარ. პროდიუსერი მუსიკალურად განათლებული უნდა იყოს და უნდა არჩევდეს, რომელი ჟანრისკენ გაუშვას მომღერალი. აგენტი სხვა არის, მუსიკალური პროდიუსერი სხვა არის, აღმასრულებელი პროდიუსერი კიდევ სხვა და ა.შ.

 

სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი და უარყოფითი მოსაზრება ვრცელდება…

 

ყველას უნდა ჰქონდეს თავისი შეხედულება. ახალს ასე ჩქარა არავინ არ მიიღებს. ეს ჩვენ გვჭირს. გვეშინია ახლის. კიდევ ერთხელ ვამბობ, დრო გვაჩვენებს. ძალიან ბევრი წლის წინ, ერთ-ერთი კომპანიის პრეზენტაციისთვის მაცაცოს პატარა რომანსიდან „იმერეთო“ სიმფონიური ორკესტრით გავაკეთე დიდი ჰიმნი. მაშინ ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა ამ ამბავს, ფეისბუქი არ იყო, თორემ ალბათ ცოცხალიც არ გადავრჩებოდი. დღეს „იმერეთო“ იცის მთელმა საქართველომ და იცის ასე, როგორც მაშინ გაკეთდა. მე მაშინებს, რომ ბავშვები არ აღელდნენ, არ მინდა კონკურსანტმა ამდენი ცუდი რამ წაიკითხოს. მე ვიცი კარგი პროექტები, მაგრამ არავინ იცის სხვამ და მოსაწყენია.

 

უფრო მეტი კრიტიკა ახალ ვერსიებზე მოდის…

 

დიდ ზვიად ბოლქვაძეს, როგორც მე მას ვეძახი, თავისი ხედვა აქვს. ის დღევანდელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიტორია. მე როგორც ჟიურის წევრს, მისი მესმის. უბრალოდ არსებობს კარგი სიმღერა და „ისე რა“ სიმღერა. „ისე რა“ სიმღერაზე არ გამოდის კარგი ვერსია.

 

გავრცელდა სტატია, თითქოს „მხოლოდ ქართული“ პროექტ „ფანოღის“ ანალოგია…

 

მე არ ვიცი ეს სიტყვა რას ნიშნავს, ასეთი მიმდინარეობა არ არსებობს მუსიკაში. ქართული სიმღერა ქართული სიმღერაა, აქ არის გოგი ცაბაძეც, ვაჟა აზარაშვილიც, აჩიკო გულედანიც, და ნიაზ დიასამიძეც. ირაკლი ჩარკვიანი გვყავდა, რაზეა საერთოდ ლაპარაკი, მე ვერ ვხვდები.

 

როგორ შეაფასებთ ჩვენი ჰოლდინგის მიერ დაარსებულ მუსიკალურ დაჯილდოვებას?

 

„ოქროს ტალღა“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, თქვენ ბაზარზე ერთადერთები ხართ, ვინც ამას აკეთებს. ეს მომღერლებისთვის დიდი სტიმულია ყველგან რადიო რეიტინგი არის რადიო რეიტინგი, ამას ხელს ვერ მოკიდებ. ხალხს ეს მოსწონს და დავამთავრეთ. გულშემატკივარი ძალიან ბევრის ვარ, ჩემთვის ბევრი ძვირფასი მომღერალი იღებს მონაწილეობას.





გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




მარინა ბერიძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge