სოფო ნიჟარაძე : „მხოლოდ ქართულის“ მოფიქრება დროული იყო, ქართული სიმღერები უნდა გაგვეცოცხლებინა
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ სოფო ნიჟარაძე ეწვია, რომელიც ყველაზე მაღალრეიტინგული პროექტის „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრია.

 

სოფო, როგორ აღმოჩნდი, პროექტის ჟიურის წევრებს შორის?

 

დიდი ხანია „რუსთავი 2“-თან ვთანამშრომლობ. როგორც მოგეხსენებათ, პროექტმა „ნიჭიერმა“ და „იქს ფაქტორმა“ დატოვა „რუსთავი 2“, ამიტომ დროული იყო პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მოფიქრება, რომელიც ყველა ფორმატისგან განსხვავდება. ქართველ ხალხს ძალიან მოენატრა ქართული სიმღერა, ხოლო იმ ვერსიებით, რაც ჩვენ მსმენელს შევთავაზეთ, ვფიქრობ, ქართულ სიმღერას ახალი სიცოცხლე მიეცა.

 

როგორ ფიქრობ, შედგა პროექტი?

 

რა თქმა უნდა, პროექტი შედგა. ყველა აღნიშნავს, რომ საკმაოდ დროული იყო, ქართული სიმღერები ისევ გაგვეცოცხლებინა და ახალგაზრდებისთვის შეგვეყვარებინა.

 

როგორც ვიცით, პროექტი გაგრძელდება და სიახლე იქნება ის, რომ კონკურსანტებისთვის ახალი სიმღერები დაიწერება.

 

პროექტი ნამდვილად გაგრძელდება და სიმღერებიც აუცილებლად დაიწერება, რაც ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენც განვითარების პროცესში ვართ.

 

მომავალ სეზონშიც პროექტისთვის იგივე გუნდი იმუშავებს?

 

ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის და ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ეს შემოქმედებითი ჯგუფის პრეროგატივაა.

 

ფინალისტებს შორის თუ გამოარჩევ რომელიმეს?

 

ყველა ფინალისტი ძალიან მომწონს, ასე გამორჩეული ფავორიტი არ მყოლია.

 

ისე, ყველაზე მეტად, რომელი კონკურსანტი განვითარდა?

 

ყველა განვითარდა. იყვნენ კონკურსანტები, რომლებმაც კასტინგზე იმდენად კარგად ვერ აჩვენეს საკუთარი შესაძლებლობები და პროექტის მსვლელობის კი ჩამოყალიბდნენ ვარსკვლავებად. ფინალისტებიდან კი უკლებლივ ყველას ძალიან დიდი ნახტომი აქვს გაკეთებული.

 

რამდენად რთული იქნება პროექტის შემდეგ მათი სცენაზე დგომა და მაყურებლის სიყვარულის შენარჩუნება?

 

მაყურებლის სიყვარულის შენარჩუნება ძალიან რთულია. მათ ქვეყანამ უნდა უპატრონოს, უნდა შეიქმნას ახალ-ახალი პროექტები, რომ ხშირად გამოჩნდნენ.

 

როგორ ფიქრობ, წინა წლებთან შედარებით, გვაქვს დღეს შოუბიზნესი?

 

შოუბიზნესი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ გააჩნია რა დონეზე. ქვეყანა და ბაზარი იმდენად პატარაა, რომ ძნელია ამოიღო ის ინვესტიცია, რაც ჩადებული გაქვს, ამიტომ მუდმივად სიახლეების ძიებაში და აქტუალური უნდა იყო. თუ არადა უნდა იმღერო რესტორანში, სადაც უნიჭიერესი ბევრი ვარსკვლავი მღერის და ეს არის შემოსავლის წყარო.

 

ვისაუბროთ „ოქროს ტალღაზე“, სადაც შენი სიმღერა არის წარდგენილი…

 

ვფიქრობ, რომ შემოქმედებითად ეს წელი ჩემთვის ნაკლებად ნაყოფიერი იყო. „მხოლოდ ქართულმა“ ძალიან ბევრი დრო და ენერგია წაიღო. ამიტომ წელს ბევრი ვერაფერი მოვასწარი.

 

სიმღერა, რომელიც „ოქროს ტალღაზეა“ წარმოდგენილი: “ მე სიდუმლოს შენახვა ვიცი“ ძველი სიმღერის ახალი ვერსიაა, რომელიც სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად არის შესრულებული. თუმცა როგორც ვადევნებ თვალს, ჩემი სიმღერა ათეულშია. ეს პროექტი კი საკმაოდ დიდი სტიმულია იმისთვის, რომ მეტი სიმღერები ვაკეთოთ. ჯილდო გვაძლევს ძალიან დიდ თვითშეფასებას.

 

ზაფხულისთვის თუ გაქვს კონცერტები დაგეგმილი?

 

საქართველოს მასშტაბით ჯერ არ ვიცი, საზღვარგარეთ კი იგეგმება კონცერტები. ბაქოში მექნება რამდენიმე გამოსვლა. ბევრი შემოთავაზებები მაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა მე ისეთი რეპერტუარი მაქვს, რომ ჩემს სიმღერებს სიმშვიდე და სიმყუდროვე ჭირდება და ამიტომ ძალიან რთულია იმ დარბაზის შერჩევა, რომელიც ჩემ სიმღერებს მოუხდება.




გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




სოფო ნიჟარაძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი. "წუნა და წრუწუნა". მხოლოდ ქართული




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge