პაატა თედიაშვილი შოუსთვის ემზადება - „ჩემს დადგმაზე ხუთი ქორეოგრაფი მუშაობს...“
Ardaidardo.Ge

მომღერალი პაატა თედიაშვილი 22 აპრილს კონცერტს გამართავს, რომელსაც შოუს სახე ექნება.
ამ სიახლის შესახებ ის „არ დაიდარდოს“ საიტს ვრცლად ესაუბრა. როგორც შევიტყვეთ, შემსრულებელი პირადად არის ჩართული შოუს ყველა დეტალის გადაწყვეტაში და ყველა ხარჯს თავად ანაზღაურებს.


პაატა თედიაშვილი:


22 აპრილს, საღამოს ექვს საათზე, აღმაშენებლის 61-ში მდებარე დარბაზში საკონცერტო დარბაზში „მოზაიკა“, რომელიც 500 ადამიანს იტევს, შედგება ჩემი შოუკონცერტი, სახელწოდებით „ახალი წარსული“.


ეს კონცერტი იმით იქნება გამორჩეული, რომ შოუს ელემენტებს შეიცავს. ყველა საკითხის გადაწყვეტაში თავად ვარ ჩართული. სხვადასხვა ჟანრის 70-მდე მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას,
დადგმაზე 5 ქორეოგრაფი მუშაობს, მიმართულებას მე ვაძლევ, რადგან ზუსტად განვსაზღვროთ, რომელ მუსიკალურ ნომერს რა ცეკვა მოუხდება.


სპეციალურად შოუსთვის შევკერეთ კოსტიუმები, ნაციონალური შეფერილობისაა, მაგრამ ცოტა განსხვავებულად გავაკეთეთ, გამოვიყენეთ ნატურალური ქსოვილები და ლილით და ენდოთი შევღებეთ. მსგავსი კოსტიუმები, ვფიქრობ, საქართველოში არც ერთ შოუში არ გამოუყენებიათ.


სცენაზე იქნება ეკრანი, სადაც ჩემი სხვადასხვა ვიდეორგოლი გავა, სიმღერების შესაბამისად. სულ 23 სიმღერა შესრულდება, ბლოკების მიხედვით, პირველ-მეორე ბლოკებში თანამედროვე სიმღერებს წარმოვადგენ, მესამე-მეოთხეში პატრიოტული ჟანრის კომპოზიციებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ბოლოში კი ორ სიმღერას ვიმღერებ თბილისზე, მათგან ერთის სასცენო პრემიერა იქნება, მისი სახელწოდებაა „ის თბილისის მენატრება“.


ორ დუეტს ვიმღერებ ჩემს კოლეგებთან, ქეთი გომართელთან და სოფო ბედიასთან ერთად. ოთარ ტატიშვილს ეკუთვნის ორივე სიმღერა. ერთ-ერთს ქეთა თოფურია მღეროდა და მას „ზღაპარი“ ჰქვია, ის რამდენიმე წლის წინ ქეთი გომართელთან ერთად ჩავწერე. სოფოსთან დუეტისთვის სიმღერა ჯერ ჩემთვის დაიწერა, მერე დუეტად ჩაწერა გადავწყვიტეთ.


კონცერტის გადაღებას აპირებთ?


მოგეხსენებათ, კონცერტის გაკეთება ძვირი სიამოვნებაა. ყველა ხარჯი საკუთარ თავზე ავიღე, ამიტომაც მხოლოდ სამი კამერით გადაღებას ვაპირებ. გადაღებული მასალა ინტერნეტში მოგვიანებით აიტვირთება.


ბილეთები მსურველებმა სად უნდა შეიძინონ?


ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია ან მოსაწვევებადაა გაცემული. მცირე ნაწილი, თუკი რამე დარჩა, იქვე გაიყიდება, კონცერტის დღეს. ფასი 10-დან 20 ლარამდეა. ბილეთები არც ერთ საიტზე არ დაგვიდია. მათი რეალიზაცია საქართველოს პროფკავშირებმა აიღო საკუთარ თავზე.


ნინო მურღულია


Ardaidardo.Ge