თამთა ჭელიძე 90-იანების ცნობილი ქართული სიმღერის ქავერს შემოგვთავაზებს
Ardaidardo.Ge

90-იან წლებში ჯგუფ „Soft Eject“-ის სიმღერა თავისი კლიპით „Please Just Carry On“ ძალიან პოპულარული გახლდათ.
სიმღერა დღემდე ინარჩუნებს მსმენელის სიყვარულს. სიმღერა ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში თავად ირაკლი ჭელიშვილმა, იმავე პეჩომ, შეასრულა მაგდა ვასაძესთან ერთად, რითაც კიდევ ერთხელ გააცოცხლა აღნიშნული მელოდია.


კომპოზიციის საკუთარი ვერსიის გაკეთება გადაწყვიტა თამთა ჭელიძემ. სოცქსელში მან უკვე ჩაწერილი სიმღერის ფრაგმენტი გამოაქვეყნა და ინტერესიც გამოიწვია. თამთას დავუკავშირდით, რათა გვეკითხა, ვისი იდეა იყო, რომ ეს სიმღერა ჩაეწერა, ახლებური ვერსიითა და არანჟირებით.


თამთა ჭელიძე:


ამ სიმღერის შესრულება ბავშვობიდან მინდოდა, რადგან ჩემი საყვარელი სიმღერა იყო და მგონი, დადგა დრო ამ სურვილის ასრულებისთვის (იღიმის). შესაბამისად, იდეა ჩემი გახლდათ. კომპოზიციის ავტორებისგან ოფიციალურად ავიღე უფლება, რომ სხვა ვერსია შემესრულებინა. ახალ ვარიანტზე ბორიკო შხიანი მუშაობს, მეც ჩემი პატარა, მოკრძალებული წვლილი შემაქვს. ჩემი მიზანია, რომ ხალხს მოეწონოს და ისიამოვნოს ახალი ვერსიით. კლიპის გადაღებაზე შემდეგ ვიფიქრებ, თუმცა მაქვს რაღაც იდეები.


ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge