ლაშა რამიშვილის ოჯახური ბედნიერება: „ბელა ჩემი გულის ტყვიამფრქვევია...“
Ardaidardo.Ge

ლაშა რამიშვილს, ბელა ნოზაძესა და მათ სამ შვილს, ლაშა-გიორგის, მართას და ნაბოლარა ერეკლეს, შინ ვესტუმრეთ.
პირველი, რაც მომღერალმა, მსახიობმა და „არ დაიდარდოს“ წამყვანმა გვაჩვენა, კარადაა, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ინახება სასმელი, რომელსაც ლაშა რამიშვილი თავისი 50 წლისთავზე გახსნის. მანამდე მეგობრებისა და სტუმრებისთვის მხოლოდ მათი ჩვენებით შემოიფარგლება. ყველამ იცის, რომ ლაშა სასმელს აგროვებს, შესაბამისად, საჩუქრებსაც არ იშურებენ. ამის შედეგად, წელიწადნახევრის კვალობაზე, ბევრი სხვადასხვა საინტერესო სასმელი დაუგროვდა.


ამ კარადაში მისი მეუღლის კუთვნილი სასმელებიც ინახება. ერთ-ერთია ღვინო, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნისას ბელას ჩამოუტანა სამახსოვროდ. ზოგადად, ბელა ნოზაძეს მეუღლისგან საჩუქრები არ აკლია, წინა დაბადების დღეზე ბელამ ლაშასგან მანქანა მიიღო საჩუქრად, რომელიც საზეიმო ვითარებაში, გაბაფთული გადასცეს. როგორც ბელამ აღნიშნა, ლაშა ძალიან კარგი მეუღლე და მამაა. წყვილმა საკუთარ სიყვარულზე გულახდილად ისაუბრა.


თქვენი სიყვარულის ამბით დავიწყოთ...


ბელა:


ჩვენ თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი. ისე მივაქციეთ ერთმანეთს ყურადღება, რომ დღეს სამი შვილი გვყავს (იცინის).


ლაშა:


სერიოზული შეცდომა მომივიდა ბელასთან მიმართებაში. ქალი, რომელიც მართლა ძალიან მომწონდა და ბელა, ფაქტობრივად, ჩემი გულის ტყვიამფრქვევია, სხვა გოგონაში ამერია... თეატრალურ უნივერსიტეტში ყველა, ქალიც და კაციც, ეწეოდა, მე კი ეს „ნაკლი“ მაქვს, რომ 36 წლის განმავლობაში არასდროს მომიწევია. ერთ დღეს ბელას აუდიტორიაში სერენადას ვუმღეროდი და ვუთხარი, ძალიან მაგარი გოგო ხარ, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი გაქვს-მეთქი. სიგარეტის მოწევას თავი უნდა დაანებო, გუშინ გიყურებდი, მეორე სართულზე იდექი და ეწეოდი-მეთქი. გაშრა... ერთი კვირა დავსდევდი, რომ შემრიგებოდა. სპექტაკლზე, რომელზედაც დავპატიჟე, არ მოვიდა.

Ardaidardo.Ge


ბელა:


ამაში არაფერი იყო შეურაცხმყოფელი, მაგრამ ძალიან გავბრაზდი, რადგან არასდროს მომიწევია... მოკლედ, ძალიან უცნაური და არეული დასაწყისი გვქონდა. ალბათ, ვიცოდით, რომ კარგად დამთავრდებოდა და ყველაფერი ავრიეთ (იღიმის). როგორ შემომირიგა? ყველა, ვინც ლაშას იცნობს, იცის, როგორი ენა აქვს და როგორ შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა. ისეთი მოწიწებით და მოკრძალებით მექცეოდა... სხვათა შორის, დღემდე ასეა. 11 წელია, ოჯახი გვაქვს და ენა არ წაგვიჩვევია ერთმანეთისთვის. ყოველდღე ალამაზებს ჩვენს სიყვარულს, ასეთივე იყო თავიდან, ძალიან ყურადღებიანი, თბილი და ტკბილი. უარყოფითი აქვს ერთადერთი, რომ ძალიან ფიცხია, მაგრამ მე ძალიან მშვიდი ვარ და მისი სიფიცხეს ერთ წამში ვანეიტრალებ. ჩვენ ერთმანეთის ხასიათი კარგად ვიცით...


ბელა, ყველა პოპულარული ადამიანის ცხოვრებაში არიან თაყვანისმცემლები. ამ ამბავს როგორ უმკლავდები?


ცოტა შორიდან დავიწყებ ამ კითხვაზე პასუხს - დღემდე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, პროფესიულ წინსვლასაც ვგულისხმობ ამაში, ნულიდან დავიწყეთ და ჩემ თვალწინ განვითარდა, მეც ამისი ნაწილი ვარ. ვიცი, რა დროს არის საშიში და რა დროს - არა. ჩახედული ვარ მის ყველა ნაბიჯსა და ქმედებაში. არ მაძლევს არანაირ საბაბს. ზოგადად, ერთგული ადამიანია, სხვებთან ურთიერთობაშიც და როგორც მეუღლე. ცოტას ვუჩიჩხინებ ხოლმე გამოსაფხიზლებლად, რადგან ეს საჭიროა, როცა უნდობლობას ვუცხადებ, მეუბნება, კარგი, რა, შენ ხომ იცი... ლაშასგან ყველაფერი ვიცი, მაგრამ გარემო ველურია (იღიმის).


ლაშა, როგორ გიჩიჩხინებს ხოლმე?


სხვა ჩიჩხინზე მოგიყვებით. მთელი ორი წლის განმავლობაში, ჩვენი ოჯახის მეგობარი, 142-ე სკოლის დირექტორი და ბელა, მეჩხინებოდნენ, რომ გამეკეთებინა საბავშვო სტუდია. დრო ნაკლებად მქონდა და მინდოდა, ამერიდებინა ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე. ბავშვების გვერდით გაასმაგებულად უნდა იყო. დაჟინებული თხოვნის, ჩიჩხინისა და ჯიჯღინის ბრალია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ფანტასტიკური მომავალი თაობა ჩემს სტუდიაში. დღეს თქვენთან შესახვედრად ოთხი ანგელოზი მოვიყვანე. სულ ორი თვეა, მეცადინეობა დაწყებული გვაქვს...

Ardaidardo.Ge


შენი ქალიშვილი, მართაც, მღერის...


ხუთი წლისაა და სამი წლის ასაკში დაიწყო სიმღერა. „ჯიდიესზე“ პროექტში „ერთი ერთში“ ვმონაწილეობდი. იქ ვმღეროდი სეროვის სიმღერას, იმდენად შორს იყო ჩემგან, რომ ყოველდღე სახლში გავდიოდი რეპეტიციებს. კონცერტამდე აღმოვაჩინე, რომ მართამ თავიდან ბოლომდე ისწავლა. კარგი მომღერალია სეროვი, მაგრამ ხელები თავში ვირტყი. მართასთან მიმართებაში სხვა გეგმები გვქონდა. როცა დაიბადა, რაც უნდა სნობურად ჟღერდეს, მის ოთახში კლასიკურ მუსიკას ვასმენინებდით და უცბად სეროვი შეასრულა. კინაღამ შეტევა მივიღე (იცინის).


ორივე მუშაობთ, სამი შვილი გყავთ, როგორ ახერხებთ ყველაფერთან გამკლავებას?


ბელა:


24-საათიან რეჟიმში ყოფნა ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, სულ ფორმაში ვართ და არ გვაქვს მოდუნების საშუალება. ლაშა ცოტას წაიწუწუნებს ხოლმე, მაგრამ მხოლოდ სიტყვის მასალაა, არ იღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის. დილას ყველა ერთად ვდგებით, მხიარულად. ერეკლეს ხელში როდის იწყება დღე, არ ვიცით. ვის ვინ მიჰყავს, ვინ თავისით წავა, ამას ვანაწილებთ ხოლმე.


ლაშა, სერენადების სამღერლად დრო აღარ გრჩება?


როგორ არა?!. დღეს დილას გამოვაცხეთ ერთი სიმღერა. სერენადების დროც გვაქვს და ყვავილების ჩუქების დროც. ბელა, ხომ არ გაძლევ ჩვენს ურთიერთობაში მოდუნების საშუალებას?

Ardaidardo.Ge


შენ არ ხარ ეჭვიანი?


უზომოდ, ვეძებ საბაბს, მაგრამ ვერ ვპოულობ.


ბელა:


ლაშა მართლაც ეჭვიანია. ჩემთან მიმართებაში განსაკუთრებით, მაგრამ სულ ერთად ვართ და არ აქვს საბაბი, მენდობა. მხოლოდ პირად ურთიერთობაში კი არა, მეგობრებთანაც ეჭვიანია. თავად იმდენად ბევრს გასცემს და იმდენ პოზიტივს, რომ მერე თავადაც მოითხოვს საპასუხოდ, იმის 20%-ს მაინც. ამას თუ ვერ მიიღებს, მართავს სცენას. ბევრ შემთხვევაში მართალია ხოლმე, სხვებთან მიმართებაში.


ჩვენ შემთხვევაშიც ყოფილა ეჭვიანობა, ოღონდ დაქორწინებამდე. სალმის გამო გაჰყავდა გვერდზე ვიღაცები. ერთმა, რომელმაც სულაც არ იცოდა, რომ შეყვარებულები ვიყავით, ლაშას
უთხრა, ეს გოგო ძალიან მომწონსო და ითრია საყელოთი (იცინის). ყველამ გაიგო, რომ შეყვარებულები ვიყავით.


ლაშა:


არ მიყვარს სიტყვა ცოლი, მეუღლე მომწონს, თანამედროვეცაა და ტრადიციულიც. როცა მესმის ფრაზა, ერთმანეთისგან დავიღალეთ და ვისვენებთო, არ მესმის. დეპრესია მაქვს და ქალაქიდან
გავალ ერთი კვირით, მეუღლის გარეშეო, ვერასდროს გავიგებ ამას. მეც მქონია შემთხვევა, რომ დავღლილვარ, ბევრი მუშაობის შედეგად და ცოტაც მიწუწუნია, მაგრამ ზღურბლს რომ გადავაბიჯებ, გული აქ მრჩება. შეიძლება, ცოტა ვიღრუალო, ვიყვირო, მაგრამ ბელამ ყოველთვის იცის, რა გასაღები უნდა გადაატრიალოს...

Ardaidardo.Ge


თქვენს ურთიერთობაში რაიმე აკრძალვა ხომ არ არის?


ბელა:


როგორც აღვნიშნე, ენა არ მივაჩვიეთ ერთმანეთს. უწმაწურადაც არ ვეხუმრებით ერთმანეთს, შეურაცხმყოფელ მიმართვებსაც არ ვართ შეჩვეულები. ეს გამჯდარი გვაქვს.


ლაშა:


ისე, დროს არ უნდა ჩამოვრჩეთ და დავიწყოთ ჩვენც უწმაწურად საუბარი (იცინიან).


ბელა, ლაშას დალევაზე რა აზრის ხარ?


ძალიან კარგი სიმთვრალე ჰქონდა ყოველთვის, მაგრამ ასაკი, მგონი, თავისას შვრება (იღიმის). ზოგჯერ შინ ოთხით შემოდის...

Ardaidardo.Ge


ლაშა:


არასდროს ვყოფილვარ ისეთი მთვრალი, რომ რაიმე ეპიზოდი არ მსხომებოდა. შინ რომ ბრუნდები, გინდა, შენს ცოლ-შვილს მოეფერო. შემოვდივარ ხოლმე შინ, ვითომ დათვი ვარ, ბავშვები მხიარულობენ, ერთადერთი ბელაა, რომელიც მეუბნება: კარგი, რა, ლაშა, მეზობლები რას იტყვიანო. ამის გული ხომ ვერ მოვიგე (იცინის). ყველა გვიცნობს და იციან, რა მხიარული ოჯახი გვაქვს. ყველაზე მეტად ამ ხუმრობაზე ერეკლე ხალისობს.


წლების მერე სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?


მინდ, ეს სახლი შევინარჩუნოთ, რადგან თავად გავაკეთეთ ყველაფერი. გვაქვს კერძო სახლი აქ, თბილისში, მაგრამ თუკი ამ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, დიდი სახლი გვექნება, სადაც ყველა
დავეტევით, ჩვენი მშობლებიანად. ყოველდღიურად ტელევიზორის ყურება უკვე ამაზრზენი გახდა, არც ერთი დადებითი ინფორმაცია არ გადის, ეს ჩემთვის მიუღებელია, ლაშა-გიორგის ვთხოვ, არ უყუროს საინფორმაციო გამოშვებებს და კომპიუტერზე ითამაშოს. კვირაში ერთხელ მაინც ვმსჯელობთ ამ თემაზე, ხომ არ წავიდეთ საზღვარგარეთ საცხოვრებლად... ბავშვებისთვის აქ იმდენად მძიმე ჰაერია, მეტი არ შეიძლება. თუკი საქართველოში დავრჩით, დიდ სახლზე ვოცნებობთ, როგორც ზევით აღვნიშნე.


ბელა:


ამაზე ხშირად ვფიქრობთ, როგორები ვიქნებით ასაკში, ჩვენი შვილები როგორები იქნებიან... მართლაც გვინდა დიდი სახლი, ასეთი ჩუმი ჩანაფიქრი გვაქვს (იღიმის).


ფოტო: დათუნა აგასი


ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge