„ქართული ხმების“ 30 წლის იუბილე „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება
Ardaidardo.Ge

ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კონცერტი 5 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. ანსამბლმა თავისი წევრებიდან, სამწუხაროდ, ხუთი უნიკალური ხმა დაკარგა, არენას სცენაზე ანსამბლი ცხრაკაციანი შემადგენლობით წარდგება მსმენელის წინაშე, თუმცა მათთან ერთად ძალიან საინტერესო ჯგუფფები და შემსრულებლები გამოვლენ. მათ შორის იქნება თბილისის ბიგბენდი, ანსამბლი „ირიაო“, ნატო მეტონიძე, დავით ევგენიძე, გურული „შვიდკაცა“. დადგმის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი,  მხატვარი - თამრიკო ფოცხიშვილი.


ბასა ფოცხიშვილი:


ანსამბლის 30 წლის იუბილე „ბლექ სი არენაზე“ განსაკუთრებულად აღინიშნება. მინდა ვთქვა, რომ გამოვიყენებთ ყველა იმ ტექნიკურ საშუალებას, რომელიც ზემოხსენებულ არენას აქვს. ღონისძიების მიმდინარეობისას ეკრანზე გამოჩნდება საინტერესო საარქივო მასალები. პროექტზე ჩემს ჯგუფთან ერთად ვმუშაობ. „ქართულ ხმებთან“ დიდი ხნის მეგობრობა და შემოქმედებითი თანამშრომლობა მაკავშირებს. სამწუხაროა, რომ ხუთი უნიკალური ხმა წავიდა მათგან... ძალიან ნერვიულობენ, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი მომღერლები არიან, ძალიან საინტერესო და გამორჩეული კონცერტი შედგება.


შესრულდება ქართული ფოკლორი და ასევე ის ჰიტები, რითაც მსმენელთა „ქართული ხმები“ გაიცნო და შეიყვარა.


კონცერტზე „ქართულ ხმებს“ შეუერთდებიან თბილისის ბიგბენდი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „ირიაო“, დათო ევგენიძე, რომელთანაც დიდი ხანია, თანამშრომლობენ, ასევე გურული შვიდკაცა, სადაც ზაურ ბოლქვაძემ თავისი კარიერა დაიწყო. საინტერესო მომენტია ისიც, რომ გურამ თამაზაშვილის ხმას მისი ძმა, ჯემალ თამაზაშვილი იმღერებს...


პროგრამა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. ზუსტ დროს ვერვ გეტყვით, ვინაიდან იქნება ცოცხალი შესრულება და მოგეხსენებათ, ასეთ შემთხვევაში ზუსტი დროის გათვლა ძნელია (იღიმის).


ნინო მურღულია


Ardaidardo.Ge