ოთო ნემსაძემ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სიმღერა ჩაწერა - „მე მახსოვს...“

Ardaidardo.Ge

„მე მახსოვს“, ასე ჰქვია ოთო ნემსაძის მიერ დაწერილ სიმღერას ალექსანდრე ლორთქიფანიძის ტექსტზე. კომპოზიციის პრემიერას, რომელიც მომღერალმა აგვისტოს ომის ათი წლისთავს მიუძღვნა, რადიო „ფორტუნა“ დღეს შემოგთავაზებთ, სიმღერის სრულ ვერსიას სწორედ „ფორტუნას“ ეთერში მოისმენთ, მის  მოკლე ვერსიაზე შექმნილ კლიპს კი დღეს საღამოს, ექვსსაათიანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“-ზე იხილავთ. 

ოთო ნემსაძე ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა „ის, რაც დარჩება“, მასში 12 კომპოზიცია შევა, სრულიად ახლები, რომლებიც ოთოსთვის დაიწერა, მხოლოდ ერთი მათგანი ავტორია თავად, როგორც უკვე აღვნიშნეთ. 

ოთო ნემსაძე:

„მე მახსოვს“ არის ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელსაც ფართო მსმენელი მოისმენს. ის დავწერე ერთი წლის წინ და შევა ჩემს ახალ ალბომში, რომელიც მალე იქნება მზად. სიმღერა არის პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. 

კლიპის გადაღების იდეა მე და სოფოს გვეკუთვნის, სპეციალურ მადლობას ვეტყვი სოფოს დეიდაშვილს, გიორგი ქიქავას, ასევე ყველასთვის საყვარელ რეჟისორსა და მსახიობს, გიორგი ძამუკაშვილს. გადაღებაში ჩვენი მეგობარი დაგვეხმარა. „რუსთავი 2“-მა არქივიდან ისეთი კადრები მოგვცა, რომლებიც, მართალი გითხრათ, აქამდე ნანახი არ მქონდა, მათ შორის ერთ-ერთი უცხოელ ჟურნალისტს ეხება... კლიპში არის ომის კადრები, უამრავი ვიდეო, რაღაცები გადავიღეთ, ძირითადად, გორსა და თბილისში.

სიმღერა ჩაიწერა სტუდიაში BetkhoLab, არანჟირება ეკუთვნის ჯგუფ „ლიმბოს“, ტექსტი: ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, მელოდია ჩემი გახლავთ. 

ალბომი როდის იქნება მზად?

ვცდილობთ, მალე დავამთავროთ, უკვე ერთი წელია, ვმუშაობთ. ვფიქრობ, ამ წელს გამოვა და რასაკვირველია, რადიოპარტნიორი „ფორტუნა“ იქნება. 

ამ სიმღერის ჩაწერის სურვილი რატომ გაგიჩნდა, აღარ გკითხავ...

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ გორელი ვარ... და მეორეც, რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი მტერია... რა უნდა ვთქვა...  


„მე მახსოვს“ – სიმღერის ჩანაწერი