დავით სხირტლაძის 60 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში გაიმართება
Ardaidardo.Ge
10 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში დავით სხირტლაძის 60 წლის იუბილისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართება.

 

საღამოზე წარმოდგენილნი იქნებიან: ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”, ჯგუფი “ეგარი”, ანსამბლი „საგალობელი“ ანსამბლი „იავნანა“, ლელა თათარაიძე, დავით შანიძე და დავით სხირტლაძის სხვა ხელოვანი მეგობრები.

 

დავით სხირტლაძეს წელს 60 წელი შეუსრულდებოდა, იგი 1958 წელს ამბროლაურის რაიონში დაიბადა. დაამთავრა ამავე რაიონის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. წლების განმავლობაში ანსამბლ „სუხიშვილებში“ მოღვაწეობდა, შემდეგ სპეციალური მიწვევით ქორეოგრაფიულ ანსამბლ„ როკვასა“ და „რუსთავში“. სწორედ „როკვაში“ დაიდგა დათუნიკას კონსულტაციით პირველად ცეკვა რაჭული, რომელსაც დათუნიკას მამის გამოჩენილი მოღვაწის გიგა სხირტლაძის ლექსი დაედო საფუძვლად. ამის შემდეგ მან მოღვაწეობა ჯგუფ „შინ“-ში განაგრძო, როგორც ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, ასევე 2011 წლიდან ჯგუფ „ეგარისთან“ ერთად გამოდიოდა. სიცოცხლის ბოლო რამდენიმე წელი რაჭას დაუბრუნდა, სადაც ჯგუფი „რაეო“ ჩამოაყალიბა. სწორედ ჯგუფ „რაეოს“ კონცერტზე 2016 წლის 29 დეკემბერს კონცერტის დროს დათუნიკას გულმა უმტყუნა და მშობლიური ამბროლაურის სცენაზე გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღეს კი მისი ნანატრი შვილი დავით-თევდორე სხირტლაძე მოევლინა ქვეყანას.

 

აღნიშნული ღონისძება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დახმარებითა და კომპანია „პრაქტიკალ გრუპის“ ორგანიზებით ხორციელდება. ბილეთებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ჩაირიცხება მისი მცირეწლოვანი შვილის ანგარიშზე.